26 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
კლინიკიდან პოლიტიკის წარმოება ურთულესი საკითხია და ალბათ გულისხმობს, რომ იქნება საქართველოს ევროპული კურსის სადარაჯოზე - პაატა მანჯგალაძე სააკაშვილზე

ქართული ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ქვეყნის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, გადავიდეს ციხეში და იქიდან განაგრძოს "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობა. ასევე, პასუხობს სააკაშვილის მოწოდებას იდეის გარშემო გაერთიანების შესახებ და ამბობს, რომ ამისთვის ყოფილმა პრეზიდენტმა ბევრი რამ უნდა გადაიაზროს.

"ჩემი აზრით, ეს არის "ვივამედის" სასწაული. ადამიანი, რომელიც 60 კილო იყო გუშინწინ და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, ფაქტობრივად, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში. მე მგონია, რომ ჩვენ ყველა ამ ფაქტით უნდა ვიყოთ მხიარულები და კარგ ხასიათზე, პირველ რიგში, დანარჩენს რაც შეეხება, ეს მოსალოდნელი იყო ისედაც და ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. იდეაში, არც არსად მიგვაჩნდა წასულად, მაგრამ შემდეგი კონსულტაციაც უნდა დაგვიჯეროს, საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს "ნაცმოძრაობაში". რაც შეეხება მართლა შემოკრებას და იდეის გარშემო გაერთიანებას, ამისთვის მიხეილ სააკაშვილს ბევრი რამ აქვს გადასააზრებელი. შანსი არსებობს, რასაკვირველია, მაგრამ მიხვედრა არ არის ცოტა და ეს ეტაპი გასავლელია,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე პარტიის იდენტობების წაშლის ხარჯზე ოპოზიციის გაერთიანების საშუალებას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ყველა პროდასავლური პარტია უნდა გაერთიანდეს და იდგეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული კურსის სადარაჯოზე.

"მიუხედავად მისი მძიმე მდგომარეობისა, მაინც უნდა, რომ როგორც ამ ქვეყნის შვილმა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ამას ეძახის ალბათ პოლიტიკაში ჩართვას. მე რაც ვიცი, კლინიკიდან პოლიტიკის წარმოება არის ურთულესი საკითხი და ალბათ გულისხმობს იმას, რომ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული კურსის სადარაჯოზე. გაერთიანებას და კონსოლიდირებას რაც შეეხება, ზოგადად, პარტიული სიები, პარტიული იდენტობები წავშალოთ და ისე გავერთიანდეთ, ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ კოორდინაციას ევროპულ კურსთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, ამაში ერთიანობა არის საჭირო,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი ეჭვობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" შეთანხმებულად მოქმედებენ და სწორედ ამით აიხსნება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

"როგორც ჩანს, არა პირველად, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" საკმაოდ შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი უბრალოდ იხსნება. თუკი დღეს ვინმე ვინმესთან გაერთიანებულია, ერთობლივად მოქმედებენ და ტოვებენ ქვეყანას წარსულში, ეს არიან "ნაციონალური მოძრაობა" და ქართული ოცნება", ერთობლივად ისინი სწორედ ამას აკეთებენ. ამიტომ, ვინმესთან გაერთიანება ეს უბრალოდ წარმოუდგენელია,"-განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა "სასამართლოში", სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები