26 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯორჯიის შტატის გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯორჯიის შტატის გუბერნატორს შეხვდა - ბრაიან კემპს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა შტატების მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნებს შორის პარტნიორობის შედეგები განიხილეს. ბურჭულაძემ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი სამაგალითო პარტნიორობისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მედლით "ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა.

"ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებებზე, იმ საერთაშორისო მიღწევებზე, რაც ჩვენ გვაქვს დღეს თავდაცვის ძალებში და ასევე, იმ მხარდაჭერასა და ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე, რაც გვაქვს დაგეგმილი ორ ქვეყანას და ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის," - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ბრაინ კემპმა კი, მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული სამსახურისთვის ოგლე-ტორპის მედალი გადასცა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. დიდი პატივია, ჯორჯიის შტატის სახელით რომ აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა აღვნიშნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა. დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი თავდაცვის მინისტრსა და გენერალს და ერთად განვიხილეთ, თუ როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას," - ამბობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი.

დღის ამბები