უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 21-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 98 აფეთქება, დაშავდა 3 ბავშვი. უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით რუსებმა ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქიდან კიდევ 150 ბავშვი გაიტაცეს.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ცნობილია, რომ რამშტეინის სამიტის შემდეგ უკრაინა მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტას მიაწვდის. ბულგარეთს კი სურს შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისათვის 2.2 მილიარდი დოლარის საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესახებ.
ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშან ტრანსპორტიორს, ოთხ "ლეოპარდ 2 ა4"-ის ტანკს და საველე ჰოსპიტალს გადასცემს. დანია და ნიდერლანდები უკრაინისათვის დამატებით "ლეოპარდ-2"-ის ტანკების მიწოდებას დააფინანსებენ.
უკრაინელი პილოტები კი დანიაში F-16 ის თვითმფრინავებზე წვრთნებს შეძლებენ.