მრავალსაუკუნოვანმა ქართულმა კულტურამ ევროპაში მოგზაურობა, ფესტივალ "ევროპალიის" ფარგლებში დაიწყო. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში. "ევროპალია" 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საშუალებით გაიცნონ. "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას ბრუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით მიმართა.
საქართველო რომ თავისი კულტურით და იდენტობით ევროპული ოჯახის წევრია, ამის შესახებ საზეიმო ღონისძიებაზე ევროკომასარმაც განაცხადა. ოლივერ ვარჰეიმ ღიად თქვა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპა საქართველოს მიღწეულ პროგრესს სათანადოდ დააფასებს.
საქართველოს სურვილია გახდეს ევროკავშირის წევრი. ბრიუსელში კი, ქვეყნის პირველ პირს და ქართულ საზოგადოებას მხარდაჭერის მკაფიო გზავნილები გადასცეს. ითქვა, რომ დემოკრატიულ ერთა ოჯახში შესვლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ინტერესებშიცაა.
მაშინ, როცა დარბაზში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდებოდა, პარალელურად შენობის გარეთ, რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია გამართა. ხმამაღალი შეძახილებით და ბანერებით ხელში მათ შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა ბელგიელმა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ ადგილზე დააკავა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და 12 პუნქტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ იმსჯელა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან. ქვეყნის ევროპული დღის წესრიგი იყო საუბრის მთავარი თემა გაფართოების საკითხებში ევროკომისართან შეხვედრაზეც. ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრმა ბელგიელი კოლეგისგანაც პირადად მიიღო. ყველა შეხვედრაზე ევროინტეგრაციის საკითხების გარდა ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც გამახვილდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრა ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით საერთაშორისოდ შეთანხმებულ ფუნდამენტურ პრინციპებს ცვლის.