ნატოს ბოლო მინისტერიალი ვილნიუსის სამიტამდე - ორი დღის განმავლობაში წვერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები იმსჯელებენ, თუ რა დახმარება გაუწიონ უკრაინას კონტრშეტევის დაწყების პარალელურად. განხილვის საგანია ნატოს ქვეყნებისთვის შეიარაღების წარმოების გაზრდა და ალიანსის რეგიონული გეგმები.
მინისტერიალის დაწყებამდე მორიგი შეხვედრა გაიმართა რამშტაინის ფორმატით- საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელიც მონაწილეობდა შეხვედრაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა.
"ჩვენ მოვისმინეთ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისგან ომში განვითარებული პროცესები, მოვისმინეთ ის პერსპექტივები, თუ როგორ შეიძლება პოტენციურად განვითარდეს საბრძოლო მოქმედებები უახლოეს მომავალში, ასევე, მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებისა და წარმომადგენლებისგან იმ პოტენციური დახმარების შესახებ, რასაც სხვადასხვა ქვეყნები უწევენ და გაუწევენ უკრაინის მხარეს,"- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების, ასევე უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
"მე საკონტაქტო ჯგუფის წევრებს ვთხოვ, რომ გააგრძელონ უკრაინის უზრუნველყოფა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და საბრძოლო მასალებით, რაც საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არის საჭირო. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი დახმარების ადაპტირებას ადგილზე ცვალებად გარემოებებთან და უკრაინის ძალების ცვალებად საჭიროებებთან დასაკმაყოფილებლად. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინას სჭირდება ძალა, რომელიც თავსებადია ჩვენს სამხედროებთან. დღეს ჩვენ მოვისმენთ სამომავლო წვრთნის გეგმების შესახებ,"-განაცხადა ლოიდ ოსტინმა.