ნატოს ბოლო მინისტერიალი ვილნიუსის სამიტამდე - ორი დღის განმავლობაში წვერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები იმსჯელებენ თუ რა დახმარება გაუწიონ უკრაინას კონტრშეტევის დაწყების პარალელურად. განხილვის საგანი ნატოს ქვეყნებისთვის შეიარაღების წარმოების გაზრდა და ალიანსის რეგიონული გეგმებია.
"ჩვენ ერთმანეთს კრიტიკულ დროს ვხვდებით, როდესაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. ჩვენ ვხედავთ სასტიკ ბრძოლას. ჩვენ ასევე, ვხედავთ, რომ უკრაინელებს აქვთ მიღწევები და მათ შეუძლიათ ოკუპირებული მიწების გათავისუფლება. ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა, უკრაინის პოზიციებს, უკვე მრავალი თვის განმავლობაში, რეალურად ცვლის ბრძოლის ველზე. ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის ის, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა.
ჩვენ, ასევე, განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ნატოს შეკავება და თავდაცვა, როგორც მზადება მომავალი თვის ივლისში დაგეგმილი ვილნიუსის სამიტისთვის, სადაც განვიხილავთ ახალ რეგიონულ გეგმებს, ახალი ძალების მოდელს, ახალი ძალების სტრუქტურას და ასევე განვიხილავთ თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტიციის გაღრმავების საჭიროებას. ხვალ ჩვენ ასევე შევხვდებით ნატოს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფს, რათა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობები იყოს უსაფრთხო, ეფექტური ამ უფრო სახიფათო მსოფლიოში. რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიში და უგუნურია. ჩვენი ძალების გაფართოებითა და გაძლიერებით ვპასუხობთ რუსეთის ქმედების ამ მოდელს. მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა პოზიციებს გაიმყარებს თუ კონტრშეტევაზე დაწინაურდება და წინ წავა. უკრაინას შეუძლია ამის მიღწევა,"-განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურიმ განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. მისივე თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს კონტრშეტევა, ხოლო ნატომ - მისი დახმარება.
"მნიშვნელოვანი დღეა. აუცილებელია, უკრაინამ კონტრშეტევა გააგრძელოს. შესაძლოა, ეს არ არის მასშტაბური, თუმცა, უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს. ბრძოლის ველზე ორივე მხარეს სერიოზული დანაკარგი აქვს. მოხარული ვარ, რომ მოკავშირეები ახალ დახმარებას დავამტკიცებთ უკრაინისთვის. მკაფიოა, რომ ესტონეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. უკრაინის მომავალი ნატოშია. მომდევნო ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკვე ვილნიუსში და მხოლოდ სიგნალების ხარჯზე არ ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული გეგმები მომდევნო წლის დასაწყისამდე შესრულდეს. კრემლმა არ უნდა იფიქროს, რომ დასავლეთი უკრაინის გვერდით არ დარჩება. ამ კვირებში გარკვეულ ცვლილებებს ვნახავთ,"-განაცხადა ჰანო პევკურიმ.