26 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს ეს

უკრაინაში ძალიან ცუდად აამოქმედეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მისი იურიდიული ამოქმედების გარეშეც კი. ვიდრე ეს კანონი სამართლებრივად ამოქმედდებოდა, მანამდე, ამ კანონის საფუძველზე, მთელ რიგ ბიზნესმენებს გადააფორმებინეს ტელევიზიები და ბიზნესები სახელმწიფოსთვის. კატასტროფა მოხდა, 2012 წლამდე რაც ხდებოდა საქართველოში, ის გააკეთეს უკრაინაში ამ კანონის საფუძველზე, ანუ ბიზნესის რეკეტის საფუძვლად იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების"“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ დასმული კითხვის  საპასუხოდ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ  აღნიშნა, მან ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იგი არ ამოქმედდება იმ პრაქტიკით, როგორც მოქმედებს უკრაინაში და როგორი ვითარებაც  ამ მხრივ საქართველოში 20 12 წლამდე იყო.

"ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს, ამიტომ მე დავპირდი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს კანონი არ ამოქმედდება იმ პრაქტიკით, რომელიც გამოყენებული იქნა უკრაინაში ერთი წლის განმავლობაში და რომელიც გამოიყენებოდა საქართველოში 2012 წლამდე," - განმარტა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

წამყვანის კითხვაზე, თუ კანონი ძალაში შევა, როგორ იქნება რისკები დაზღვეული, რომ არ იყოს პოლიტიკური დევნის  იარაღად გამოყენებული და  რა მექანიზმებით იქნება ეს უზრუნველყოფილი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარია გამჭვირვალობა.

მისი თქმით, სამართლებრივად იქნება განსაზღვრული ის, თუ ვინ ჩაითვლება ოლიგარქად და არა კონკრეტული ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებების საფუძველზე. მისივე თქმით, შესაბამისმა უწყებამ და წარმოადგინოს მტკიცებულებები კონკრეტული პირის ოლიგარქობის შესახებ, რაც საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება, ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ლობირებდნენ დეოლიგარქიზაციის თემას ლობირებდნენ, გაუჩნდათ შიში, რომ  ეს საკითხი შეიძლება შეეხოს არა ბიძინა ივანიშვილს, გლობალური ომის პარტიის აგენტებს.

"მთავარია გამჭვირვალობა. როცა გიტოვებენ ბუნდოვან რეგულაციებს, ამ შემთხვევაში რჩება სივრცე სპეკულაციებისთვის; ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ბუნდოვანების დატოვება - ან მოხსენით ეს პუნქტი, დეოლიგარქიზაცია და ვისაუბროთ სისტემურ რეფორმებზე მაგრამ ზოგად ჭრილში, მაგრამ თუ რჩება თემა დეოლიგარქიზაცია, ამ შემთხვევაში, ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი და სამართლებრივად უნდა იყოს ასევე განსაზღვრული ზომები ოლიგარქების მიმართ. რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს ის, თუ ვინ არის ოლიგარქი. როცა, მაგალითად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საუბრობს კუბილიუსი ან სხვა ოდიოზური ევროპარლამენტარი, ასე კი აღარ იქნება, მტკიცებულებები უნდა იყოს გამყარებული სამართლებრივად, თუ ვინ არის ოლიგარქი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ერევა თუ არა პოლიტიკაში, ან მედიაზე აქვს თუ არა რაიმე გავლენა და ა.შ. - ამასთან დაკავშირებით კეთილი უნდა ინებოს შესაბამისმა უწყებამ და წარმოადგინოს მტკიცებულებები, იგივე ეხება კეზერაშვილს და ა.შ. რაც იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, აქ კითხვები მოხსნილია.

უბრალოდ, შიში გაუჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ლობირებდნენ დეოლიგარქიზაციის თემას, რომ  ეს საკითხი შეიძლება შეეხოს არა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ არავითარი ფაქტი არ არსებობს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის თაობაზე, არამედ ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც არიან "გლობალური ომის პარტიის" აგენტები, ესენი არაინ მაგალითად კეზერაშვილი, „ჭუტა“ და ა.შ. ამ შიშის გამო დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არ უნდათ დეოლიგარქიზაციის კანონი - კეზერაშვილს, "ჭუტას" და ამ ადამიანებს მოვერევით ყოველგვარი კანონის გარეშეც, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენ ამ კანონის მიღება, ნუ ეშინიათ მათ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავი დაანებონ სპეკულაციებს ე.წ. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, თუ რეალური დეოლიგარქიზაცია არ სურთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები