26 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის განცხადებები რამდენიმე ჯგუფად დაყოფილ ენმ-ში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება - რიცხავენ თუ არა ყოფილ თავმჯდომარეს პარტიიდან

"ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი შიდაპარტიული დაპირისპირების მიზეზი ყოფილი თავმჯდომარე, მას შემდეგ გახდა, რაც ლევან ხაბეიშვილმა მისი წინამორბედის პარტიაში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამ განცხადების შემდეგ ახალი ხელმძღვანელი მედიასთან აღარ გამოჩენილა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კი დღეს ამბობს, რომ პარტიიდან მელიას გარიცხვა არ იგეგმება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ისევ არასერიოზულად აღიქვამენ ნიკა მელიას გუნდში. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას თავად არ გეგმავენ. დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ხელმძღვანელი მათი გარიცხვის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს, რადგან პარტიას ჩრდილოვანი მმართველები მართავენ.

დაპირისპირების კიდევ ერთი კერა გაჩნდა წალენჯიხაში, სადაც ხაბეიშვილის გუნდის საკადრო პოლიტიკის მსხვერპლი გიორგი მუმლაძის მხარდამჭერები გახდნენ. წალენჯიხის მერმა, სოფელ ლიასა და ჯვარის რწმუნებულები, სახლში ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა. დღეს გიორგი მუმლაძეც იმუქრება, რომ წალენჯიხაში ჩავა და თანამოაზრეებს ადგილზე დაიცავს.

მუმლაძის ფლანგის ბრალდებები აბსურდულია ლევან ხაბეიშვილის გუნდისთვის, სადაც ამტკიცებენ, რომ წალენჯიხაში პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებიათ. ანა წითლიძე ირწმუნება, რომ თანაპარტიელების გათავისუფლების გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.

შიდაპარტიული ბრძოლა გავლენებისთვის, მმართველი გუნდის აზრით, წარუმატებლად დასრულდება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიას, "ნაციონალური მოძრაობის" რეალური მმართველები, ყოფილი მაღალჩინოსნები შლიან.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ახალი კერა წალენჯიხაში გაჩნდა, სადაც ოპოზიციონერმა მერმა და მისმა მოადგილემ თანაგუნდელები, რამდენიმე სოფლის რწმუნებული სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები