26 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
დონალდ ტრამპი წელს ფორმალურად უკვე მეორედ დააკავეს - ყოფილი პრეზიდენტი საიდუმლო დოკუმენტების თეთრი სახლიდან წაღებას დანაშაულად არ თვლის

დონალდ ტრამპი წელს ფორმალურად უკვე მეორედ დააკავეს. მაიამის სასამართლოში, სადაც ის 2 ადვოკატთან ერთად გამოცხადდა, ყოფილ პრეზიდენტს თითის ანაბეჭდები აუღეს, თუმცა დაკავებულის ფოტო არ გადაუღიათ, რადგან ის ადვილად საცნობი პიროვნებაა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში სასამართლოს წინ ხმაურობდნენ როგორც ტრამპის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა კიდეც.

ბრალის წარდგენის შემდეგ ტრამპს წასვლის უფლება ყოველგვარი პირობის გარეშე მისცეს და არც მოგზაურობა შეუზღუდავთ. მისთვის არც გირაო დაუწესებიათ, რადგან არ თვლიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმალვის რისკი მაღალია. მას უბრალოდ საქმის მოწმეებთან ურთიერთობა აეკრძალა.

სასამართლოში, დონალდ ტრამპმა, 37 ეპიზოდისგან შემდგარ სისხლის სამართლის ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი არ თვლის დანაშაულად, თეთრი სახლიდან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საიდუმლო დოკუმენტების, მათ შორის, ბირთვული იარაღის შესახებ საბუთების წამოღებას და საკუთარ აგარაკზე, მარ-ა-ლაგოში, საპირფარეშოში შენახვას.

იურისტები თვლიან, რომ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებას მყარი არგუმენტები აქვს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპს მნიშვნელოვანი სასჯელი ელოდება, თუმცა ეს მას 2024 წლის საპრეზიენტო კამპანიაში ხელს არ შეუშლის. თუ სასამართლო პროცესი არჩევნებამდე გაგრძელდება და ტრამპი ამ არჩევნებს მოიგებს, მაშინ საქმეც შეწყდება, რადგან შეერთებულ შტატებში მოქმედ პრეზიდენტს არ ასამართლებენ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი წააგებს, მაგრამ პრეზიდენტად რესპუბლიკელი მოვა, იურისტების ვარაუდით, პარტია სპეცპროკურორ ჯექ სმიტის გაშვებას შეეცდება, რადგან რესპუბლიკელები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან. დონალდ ტრამპს, რომელსაც 77 წელი დღეს შეუსრულდა, რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, ჯერჯერობით ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

დღის ამბები