26 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
საპროტესტო პერფორმანსი და ინციდენტი პარლამენტში - შშმ პირების ერთ-ერთმა თანხმლებმა სასესიო დარბაზის აივნიდან ბანერი გადმოფინა და ყალბი რუბლები გადმოყარა 

მაშინ, როდესაც დეპუტატები პარლამენტში სტუმრად მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს ესალმებოდნენ, მათმა თანმხლებმა ერთ-ერთმა პირმა სხდომათა დარბაზში საპროტესტო ბანერი გადმოფინა და რუსული რუბლები გადმოყარა.

აქცია-პერფორმანსის ავტორს, პარლამენტის თავმჯდომარემ მაშინვე უპასუხა და მანდატურებს, მოქალაქის დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.

ინციდენტს საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. შეწყდა სესიის პირდაპირი ტრანსლირებაც. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანი წითლიძემ კადრების გადაღება საკუთარი მობილურით დაიწყო და მასალა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

მამუკა მდინარაძემ ანა წითლიძეს მალევე უპასუხა. "ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, მიუღებელია პოლიტიკური მიზნებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გამოყენება. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის მიღმა "ნაციონალური მოძრაობის" კვალიც დაინახა. მდინარაძე ამბობს, რომ პერფორმანსის ავტორი სწორედ ამ პოლიტიკური ძალის აქტივისტია.

სხდომა საკანონმდებლო ორგანოში მალევე განახლდა. ინციდენტის გამო დეპუტატებს და სტუმრად მყოფ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ბოდიში მიხეილ სარჯველაძემ მოუხადა.

ის, რაც საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში მოხდა, მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილისთვის, მათ შორის, "გირჩისთვის". თუმცა, ნაწილმა პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმაში პრობლემა ვერ დაინახა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია იყო. ირაკლი კობახიძის თმით, უხერხულია ის ფაქტიც, რომ საკუთარი გეგმების განხორციელებაში ოპოზიციამ შშმ პირები გამოიყენა.

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. თარიღთან დაკავშირებით პარლამენტში გამოფენა გაიმართა, სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფებოდნენ ისინი საკანონმდებლო ორგანოში.

დღის ამბები