სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში - ლანჩხუთის, ჩიხარეშისა და ჟახუნდრის თემში გადაუღებელი წვიმის შედეგად, შიდა სასოფლო გზები დაზიანდა.
სოფელ ჟახუნდერთან დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო, რის გამოც უბანი მოწყვეტილია გარესამყაროს.
დაზიანდა ცენტრალური ხიდის ბურჯები, რაც ჩანგრევის საშიშროებას ქმნის. ასევე, ადიდებულმა მდინარემ წაიღო გადასასვლელი ხიდ-ბოგირებიც და ზედა შკედის მოსახლეობაც მოწყვეტილია გარე სამყაროს.
დაზიანებულია სოფელ ახალშენში მისასვლელი ცენტრალური გზა. მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია მხოლოდ საცალფეხო ბილიკით. 10 ოჯახში პირველ სართულზე შევიდა წყალი და დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.
ვითარებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გია ონიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის. ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.