26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები დეპუტატების უმრავლესობამ არ გაიზიარა

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს კენჭი უკვე პირვანდელი სახით უყარეს და მხარი დაუჭირეს. კენჭისყრამდე, ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. ზურაბიშვილი პარლამენტს კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად დატოვებას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე უარის თქმას სთავაზობდა.

პრეზიდენტის პოზიციას იზიარებდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც. მათი განცხადებით, მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის დაქვემდებარებას და ბანკის საბჭოში საკუთარი კანდიდატის გაყვანას ცდილობს.

ოპონენტების კრიტიკას კრიტიკით უპასუხეს სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას რეალური არგუმენტები არ აქვს და ამიტომ საკითხის განხილვისას პოლიტიკური შოუს მოწყობას ცდილობენ.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალ თანამდებობას - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს შემოიღებენ, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონ-პროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და თებერვალშივე პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. პირვანდელი რედაქციის კენჭისყრის შემდეგ კანონს ხელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

დღის ამბები