ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაწყებულია. სპორტული ყურადღების ცენტრში ახლა თბილისი და ბაკურიანია, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ოლიმპიურ კომიტეტში ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარების გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს.
ლერი ხაბელოვის თქმით, სწორედ 2015 წლის ზაფხულში ჩატარებულმა ფესტივალმა და პოზიტიურმა შედეგებმა მისცა ბიძგი სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებასაც. ახალგაზრდა სპორტსმენებს ოლიმპიადისთვის მზადება ქვეყნის ფარგლებშივე შეეძლებათ.
ღონისძიებისთვის ჯამში 100 მლნ ლარამდეა გამოყოფილი. ფესტივალისთვის დაბა ბაკურიანში ბიათლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი მოეწყობა, თბილისში კი ყინულის სასახლე აშენდება. ორგანიზატორების თქმით ღონისძიება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია.
2025 წლის ღონისძიების სამზადისზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს უკვე გამოყოფილია 25 მლნ ლარამდე. ხარჯები მტლიანად ინფრასტრუქტურის დამატებით მოწესრიგებას მოხმარდება.
ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი ორ წელიწადში გაიხსნება. ღონისძიების პროგრამა 9 სპორტულ სახეობას მოიცავს.