13 ივნისი ტრაგიკულად გათენდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქისთვის. რუსეთის თავდასხმის შედეგად კრივი რიჰში დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
დაღუპულთა შორის 17 წლის არასრულწლოვანია, რომელიც იმ საწყობში იყო, სადაც დატბორილი ხერსონის მოქალაქეებისთვის დახმარებას აგროვებდნენ. საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად დაჭრილი 28 მშვიდობიანი მოქალაქე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქს ოკუპანტებმა ღამით, იმ დროს შეუტიეს, როცა მოსახლეობას ეძინა. 14 ივნისი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა გაიზარდა ხერსონის ოლქშიც, სადაც კახოვკის კაშხალზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ოლქის 80-მდე დასახლება დაიტბორა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 10 ადამიანი, დაკარგულად კი 42 მოქალაქე მიიჩნევა.
კახოვკას ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ეს მის ინტერესებში არ შედიოდა.
"რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით. რადგან მან რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოიტანა," - თქვა პუტინმა.
ამ პრესკონფერენციიდან მალევე, ხერსონი რუსეთის სამიზნე მაინც გახდა. საოკუპაციო ძალებმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს, შედეგად სასულიერო პირი დაიღუპა. მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ხარკოვისა და დონეცკის ოლქებშიც.
მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევაზე რუსეთის პასუხად მიიჩნევს. დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა 7 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია მოახერხეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მნიშვნელოვნად წინ წაიწიეს ბახმუტის მიმართულებით, ქალაქ მარინკასთან კი რუსი სამხედროების 14-ვე შეტევა წარმატებით მოიგერიეს.
კონტრშეტევასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
უკრაინული მხარის მტკიცებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთი დიდ დანაკარგს განიცდის. ოფიციალური კიევის ინფორმაცით, ამ დრომდე უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 216 650 რუსი სამხედროს განეიტრალება მოახერხეს.