26 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
12 რეკომენდაციის შესრულება და ურთიერთბრალდებები პარლამენტში - რატომ დაიწუნა ოპოზიციამ მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლა

პლენარული სხდომა, საკანონმდებლო ორგანოში, დღეს დეპუტატებმა ევროინტეგრაციაზე საუბრით გახსნეს. მთავარი ამ შემთხვევაშიც 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იყო. საკითხი პარლამენტის წევრებს შორის ურთიერთბრალდებების საფუძველიც გახდა. მმართველმა პარტიამ ოპონენტები მიზანმიმართულ საბოტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ ოპოზიცია ევროკავშირის დავალებების შესრულებაზე უარს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ამბობს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, რომელმაც სწორედ "ქართული ოცნება" დაადანაშაულა 12 პუნქტის შეუსრულებლობაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებას შესაძლოა ხელი მმართველი გუნდის ანტიდასავლურმა რიტორიკამ შეუშალოს.

ევროინტეგრაციის პროცესში, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებელია, ეს დეპუტატებმა სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს. ოპოზიციამ, ამ ნაწილში სახელისუფლებო გუნდი არასაკმარისი ძალისხმევის გამო გააკრიტიკა. მმართველ პარტიამ კი ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეკომენდაციების შესრულების ვალდებულება მათაც ისევე აქვთ, როგორც ხელისუფლებას.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო დელეგაციამ წინა კვირას ინფორმაცია საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდა.

ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ საფრანგეთმა საქართველოს ევროკავშირში ინტერეგრაციას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ეს განცხადება კრიტიკის საფუძველი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდან. რასაც, სხდომაზევე მწვავე პასუხი მოჰყვა მმართველი პარტიიდან.

პოლიტიკური გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

დღის ამბები