26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის არსებული ვერსია არ მიიღოს - რას პასუხობს "ოცნება" კომისიას და რა შემთხვევაში იტყვის მმართველი გუნდი უარს კანონზე

ვენეციიდან თბილისში შენიშვნები გამოგზავნესმ - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილია საყურადღებო, სადაც ექსპერტების პოზიციები ევროკომისიის რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაშია. კომისიაში მიაჩნიათ, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი "სისტემური" მიდგომით უნდა გადაწყდეს. საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: "ნაცვლად იმისა, რომ სექტორალურ, სისტემურ მიდგომას მიჰყოლოდა, საქართველომ გადაწყვიტა ოლიგარქიზაციის დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად, სხვაგვარი "პერსონალური მიდგომა" აერჩია. საერთაშორისო ექსპერტები წერენ იმასაც რომ "ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო იარაღად შესაძლოა იქცეს." "პერსონალური თუ სისტემური მიდგომა" რა ფორმით მიიღებს საქართველო "დეოლიგარქიზაციის" შესახებ კანონს ეს ახლა უკვე იმაზეა დამოკიდებული ამოიღებს თუ არა ევროკომისია მისი რეკომენდაციებიდან "დეოლიგარქიზაციის" პუნქტს.

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გაცნობის შემდეგ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მომზადებული ვერსია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებად ვერ ჩაითვლება. ხელისუფლების ოპონენტები იზიარებენ კომისიის პოზიციას, რომ დეოლიგარქიზაციას სისტემური მიდგომა სჭირდება. როგორ უნდა ჩანაცვლდეს "პერსონალური მიდგომა" "სისტემურით" დასკვნაში სპეციალისტებმა დამატებითი კანონების მიღებაზე გააკეთეს აქცენტი. საუბარია ასევე სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე.

ოპოზიციის ნაწილისთვის ვენეციის კომისიის დასკვნა ღია გზავნილია, რომ მმართველმა პარტიამ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი კანონად არ უნდა აქციოს. ხელისუფლების ოპონენტები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ უარი თქვან დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე.

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღებას მმართველი პარტია კონკრეტული დათქმით გეგმავს, თუ ევროკომისია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და 12 რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაციის პუნქტს უცვლელად დატოვებს კანონი 2024 წლის 1 მარტს ამოქმედდება, ევროკომისიის უარის შემთხვევაში კი კანონს არ მიიღებენ. რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას - მმართველი პარტიისთვის ის პირადი და პოლიტიკური ინტერესით მოქმედებაა.

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვას მიმდინარე თვის ბოლოსთვის გეგმავს.

 

 

დღის ამბები