26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
შეხვედრებზე განიხილება საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის რეკომენდაციებზე-ვახტანგ მახარობლიშვილი ღარიბაშვილის ბელგიაში ვიზიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოში იმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ბელგიელ კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს მის კოლეგასთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ისევე, როგორც ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან.

"ნიშანდობლივია, რომ მოცემული ვიზიტის ფარგლებში ასევე იმართება ფესტივალ - "ევროპალიის" - პროგრამის პრეზენტაცია, ხოლო საღამოს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, ისევე, როგორც "ევროპალიის" ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც იგეგმება პრემიერ-მინისტრის მიმართვა დამსწრე საზოგადოებისადმი.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, გაიმართება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ისევე, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ბატონ ვარჰეისთან.

რა თქმა უნდა, შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ პრიორიტეტებზე, იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან იქნა წარმოდგენილი წლის დასაწყისში. მხარეები ისაუბრებენ იმ მოლოდინებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენ გაგვაჩნდეს წლის ბოლოსთვის", -განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.



დღის ამბები