რუსული ტერორისტული აქტის შედეგად 46 დასახლებული პუნქტი კვლავ წყლის ქვეშაა მოქცეული. მინიმუმ 10 დაღუპული და 40-ზე მეტი დაკარგული - ასეთია კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების დღევანდელი სტატისტიკა.
ზაპოროჟიეს ოლქში, მდინარე მოკრი იალაზე კონსტრუქციის დაზიანებამ ორივე სანაპიროს დატბორვა გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტების ქმედების მიზანი უკრაინული ჯარის წინსვლის შეჩერებაა.
ის, რომ კაშხლების აფეთქებით რუსეთი მასშტაბური ზიანის გამოწვევას ცდილობს, ამაში ეჭვი არ ეპარება ვოლოდიმირ ზელენკის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი ბოროტების დასრულების აუცილებელი წინაპირობა, რუსეთისთვის სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაკისრებაა.
კვლავ რთული ვითარებაა ხერსონში, სადაც კახოვკას კაშხლის აფეთქებამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 42 ადგილობრივი. წყალსაცავის დაზიანების გამო დატბორილია მიკოლაევის 31 დასახლება, დაიღუპა 2 ადამიანი. საბრძოლო მოქმედებები კვლავ ინტენსიურია ბახმუტში. ბოლო 24 საათში ხერსონში 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
უკრაინის თავდაცვის უწყება დონეცკის ოლქში სამი სოფლის გათავისუფლებას ადასტურებს. მოლაპარაკებების შედეგად კი უკრაინამ და რუსეთმა ასამდე ტყვე გაცვალეს. მათ შორის აზოვსტალის დამცველები არიან.
რუსეთის აგრესიულ ომი და კიევის მხარდაჭერა - ეს ის მთავრი საკითხებია, რაზეც დღეს პარიზში სამი ქვეყნის ლიდერი შოლცი, დუდა და მაკრონი "ვაიმარის სამკუთხედის" ფორმატში იმსჯელებენ. შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაა.