26 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - უმრავლესობამ "ეროვნულ ბანკთან" დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები არ გაიზიარა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. ვეტოს მხარი მხოლოდ რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა დაუჭირეს. კენჭისყრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ ეთანხმებიან კანონს, მთავარი პრეტენზია კი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე პრეზიდენტის დანიშვნის საჭიროებას ეხება. მიაჩნიათ, რომ ცვლილებები საბჭოში აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსს არღვევს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იზიარებს კრიტიკას, რომ სალომე ზურაბიშვილი პროცესის საბოტაჟს ახდენს და აცხადებენ, რომ დეკემბრის ნაცვლად პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს ორ წევრს უახლოეს მომავალში წარადგენს.

ვეტოს საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას, კომიტეტის სხდომაზე მწვავე განცხადებები უძღოდა. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი საბოტაჟში დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს უმრავლესობის ნაწილმა პოლარიზაციისკენ მიმართული უწოდა. გაიხსენეს პრეზიდენტის მხრიდან დარღვეული შეთანხმებაც და კიდევ ერთხელ დასვეს შეკითხვა, რატომ არ წარადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბიშვილმა ფინანსთა მოქმედი მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე კიდევ ერთი მსჯელობა პარლამენტის სხდომაზე გაიმართება. მმართველი პარტიის პოზიცია უკვე ცნობილია. მიმდინარე კვირას "ქართული ოცნება" მორიგ ვეტოს დაძლევს. გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი პარტიის მოტივია, რომ ეროვნული ბანკი სწორად და დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული.

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. კომიტეტის მსგავსად, თუ მოტივირებულ შენიშვნებს მხარს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭერენ, მაშინ კენჭს კანონის პირვანდელ ვერსიას უყრიან.

დღის ამბები