26 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით არ განვიხილავთ, უმჯობესია, შეცდომები მაქსიმალურად გამოვრიცხოთ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობაში ჯანდაცვის კანონზე არის აზრი, რომ დაჩქარებული წესით მიღება რაღაც დეტალებთან დაკავშირებით შეიძლება, არ იყოს სწორი, ყველა ნიუანსი უნდა იყოს აწონ-დაწონილი იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ურთულესი თემა, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კანონმდებლებმა ბალანსი უნდა დაიცვან სახელმწიფო ინტერესებსა და კერძო სექტორის ინტერესებს შორის.

"არ უნდა გამოგვეპაროს არცერთი დეტალი. არ უნდა დავუშვათ რაიმე სახის შეცდომა. სახელმწიფოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ის ხარვეზები, რაც არის ამ მიმართულებით არის, აღმოიფხვრას. ეს ჩვენს მოქალაქეებზე კარგად არ აისახება. არასწორი დიაგნოზების განზრახ დასხმა, საექიმო შეცდომაზე საერთოდ არ არის საუბარი ამ შემთხვევაში. ასეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც შეიძლება, განზრახ მოქმედებდნენ ამ მიმართულებით, გარკვეული მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით. ფარმაცევტიკის სფეროში არის გარკვეული ხარვეზები. მეორე მხარეს არის უდიდესი არმია იმ გმირი ექიმების, რომლებიც ემსახურებიან პაციენტებს პატიოსნად და მათი უფლებები, არავითარ შემთხვევაში რაღაც კონტროლის გამკაცრების ლეგიტიმური ეგიდით, არ უნდა დაირღვეს. ამიტომ, აქ ბალანსი კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ურთულესი. ყველა დეტალს უნდა ჩავუღრმავდეთ, დისკუსიები გავაგრძელოთ. დაჩქარებული წესით ჩვენ ამ კანონპროექტს არ განვიხილავთ, გაიწელოს პროცესი რამდენიმე კვირაზე უმჯობესია და შეცდომები მაქსიმალურად გამოვრიცხოთ. დისკუსია გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით და ვიმუშავებთ ამ კანონპროექტზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდასა და ფუნქციების გაძლიერებას მოიცავს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმის ოდენობა იზრდება.

დღის ამბები