26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ბიუროს სხდომაზე კამათი იყო - რა განცხადებები გაკეთდა დეპუტატების მიერ

ბიუროს სხდომაზე კამათი იყო- მიზეზი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მომხდარი ფაქტი გახდა, როცა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას სხდომა დაატოვებინა. სწორედ ამის შესახებ გააკეთა განცხადება ბიუროს სხდომაზე თეონა აქუბარდიამ და ფაქტი მის კრიტიკულ პოზიციას დაუკავშირა.

პოლიტიკოსს პარლამენტის თავმჯდომარემ უთხრა რომ იგი მანიპულირებს. კომენტარები გააკეთეს სხვა დეპუტატებმაც.

"დღეს, ირაკლი ბერაიამ, თავდაცვის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გამაგდო კომიტეტის სხდომიდან. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა. მართლა გამახსენდა საბჭოთა საქართველოში, როდესაც სკოლაში კლასიდან მაგდებდნენ. ტენდენციაა ასეთი: ჩემი კრიტიკული პოზიცია რადგან არ მოსწონს და ერთის მხრივ, კომიტეტის შეხვედრებზე არ მეძახის და შემდგომ უკვე მიმითითებს კარისკენ, მანდატურის ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას უპასუხა და განაცხადა, რომ ის სიტუაციით მანიპულირებდა და სხდომათა დარბაზიდან არა კრიტიკული აზრის გამო გააძევეს, არამედ იმიტომ, რომ ის საუბრობდა მაშინ, როდესაც სხდომის თავმჯდომარეს მისთვის სიტყვა არ ჰქონდა მიცემული.

"პედაგოგებს მგონი ყველანი პატივს ვცემთ და თუ რაიმე დისციპლინურ ზომას იღებდა თქვენს მიმართ, ალბათ იმსახურებდით და თქვენ, მინდა გითხრათ, რომ აქაც მანიპულირებთ. თქვენ ამბობთ, რომ კრიტიკული აზრის გამო გაგაძევეს დარბაზიდან და დაგატოვებინეს სხდომა. სინამდვილეში, საზოგადოება რომ არ მოვატყუოთ, საფუძველი იყოს ის, რომ სხდომის თავმჯდომარეს სიტყვა არ ჰქონდა თქვენთვის მოცემული და მიუხედავად ამისა, აგრძელებდით საუბარს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ, შალვა პაპუაშვილის განცხადებას საბჭოური უწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოურ სტილში გადაეფარა ირაკლი ბერაიას.

"თქვენი ცინიკური დამოკიდებულება საერთოდ არ გამკვირვებია თეონას მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ბატონ ბერაიას გადაეფარეთ და საუკეთესო, საბჭოურ სტილში, პარლამენტის საბჭოური დირექტორის სტილში იცავთ, პარლამენტის თავმჯდომარის საბჭოურ მოადგილის ქცევას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, საბჭოთა კავშირთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" არანაკლებ მძიმე ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალაა.

"საბჭოურთან ერთად, ძალიან სამართლიანად შეეგუეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" იქვე ვახსენებთ როგორც ძალიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულ პოლიტიკურ ძალას", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

დღის ამბები