26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებზე შენიშვნების განხილვა დასრულდა

დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს - რამდენიმე წუთის წინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა დასრულდა.

მოუსმინეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს. გიორგი მსხილაძესთვის გაუგებარია პირველი ვიცე-პრეზიდენტის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის.

მსხილაძემ დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან, კონსტიტუციური მოვალეობიდან გამომდინარე მოქმედებს.

მესამედ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტს არ უგულისხმია, რომ დეკემბრამდე არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის წევრების კანდიდატებს. ის უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ პარლამენტს წევრებს განსახილველად.

რაც შეეხება ძირითად საკითხს, ეროვნული ბანკის გარშემო რაზე არის საუბარი რომ ვიცოდეთ - ეროვნული ბანკის საბჭო შედგება 9 წევრისგან. შემოთავაზებული ცვლილებით, ამ 9 წევრიდან ერთი არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, არის დამატებით სამი ვიცე-პრეზიდენტი. ამგვარი ვითარება დეკემბრამდე ნარჩუნდება, თუმცა ამ პერიოდშიც კი ეროვნული ბანკის 9 წევრიდან 5 წევრი აღმასრულებელი გამოდის, ხოლო 4 წევრი არააღმასრულებელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, უფლებამოსილების ვადა მარტის თვეში გაუვიდა და დღემდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრეზიდენტი. ამრიგად, გაუგებარია, პირველი ვიცე -პრეზიდენტის თანამდებობის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის," - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.

დღის ამბები