26 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
როგორ იხსნება საქმე და რა სამუშაოს ასრულებენ ექსპერტ-კრიმინალისტები - ადამიანები, რომლებსაც დაკვირვება, ცივი გონებით მოქმედება და ემოციების მართვა მოეთხოვებათ

როგორ სწავლობენ დანაშაულის ადგილს ექსპერტ კრიმინალისტები - სპეციალისტები, რომლებსაც მუშაობისას ყველაზე მეტად დაკვირვება, ცივი გონებით მოქმედება და ემოციების მართვა მოეთხოვებათ.

"დამნაშავე შემთხვევის ადგილზე კვალს ყოველთვის ტოვებს, მთავარია, ის აღმოვაჩინოთ და ყველა წესის დაცვით შევისწავლოთ" - ეს დანაშაულის გახსნის ოქროს წესია, წესი, რომელსაც ყველა გამომძიებელი იცავს.

როგორ იხსნება საქმე და რა ეტაპებია დანაშაულის ადგილიდან დამნაშავის დაკავებამდე.

როგორ იკვლევენ სპეციალისტები დანაშაულის ადგილზე დატოვებულ ნივთმტკიცებებს და როგორ გადიან დამნაშავის კვალზე. 

რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალგაზრდა ქალი საკუთარ მანქანაში დააყაჩაღეს - შემთხვევის ადგილზე პირველი პოლიციელები და გამომძიებლები მივიდნენ, შემდეგ მივიდა "კურიერი PS-ის" გადამღები ჯგუფი და მათი მუშაობის პროცესი გადაიღეს.

სავარაუდო დამნაშავე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. პირველადი დასკვნა, დაზარალებულის ჩვენების ანალიზისა და ადგილზე ნაპოვნი პირადი ნივთების დათვალიერების შემდეგ კეთდება.

დამნაშავემ გაქცევა შეძლო, თუმცა სიჩქარეში შეცდომები დაუშვა და გამომძიებლებს ბევრი ნივთმტკიცება დაუტოვა. რომ აღარაფერი ვთქვათ თითის ანაბეჭდებსა და ქურთუკზე, დანაშაულის ადგილზე იყო მისი საფულე, პასპორტი და ცეცხლსასროლი იარაღი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება გამოძიების პირველი ეტაპია, რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტები თითოეულ მტკიცებულებას მაღალი სიზუსტით სწავლობენ, ნომრავენ და ფოტო დოკუმენტირებას ახდენენ. ყურადღება ექცევა თითქოს უმნიშვნელო დეტალსაც კი, რომელმაც საბოლოოდ შესაძლოა გამოძების მიმდინარეობა თავდაყირა დააყენოს.

იწყება მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მონიტორინგი, მტკიცებულებები ილუქება - ეს ყველაფერი კი სიღრმისეული კვლევისთვის საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში იგზავნება.

ცეცხლსასროლი იარაღი, პასპორტი, ფული და გარე სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო მასალა - შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებების ექსპერტიზა იწყება. პირველი ბიოლოგიური კვლევაა, სპეციალისტი გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით იარაღიდან ანაწმენდებს იღებს, მანამდე კი ნივთმტკიცებას დეტალურად ასურათებს.

ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიიდან ცეცხლსასროლი იარაღი ბალისტიკურ კვლევაზე იგზავნება. აქ უკვე მის ვარგისიანობას ადგენენ და გასროლილი ტყვიებისა და მასრების მეშვეობით კონკრეტული იარაღის ნიმუშს ადარებენ. სწავლობენ სროლის ტრაექტორიასაც და იკვლევენ გასროლილი ჭურვით მიყენებული დაზიანების ხარისხს.

სანამ ბალისტიკური ექსპერტიზა დასკვნას დადებს, მუშაობა გრძელდება სხვა ნივთმტკიცებებზე. გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიაში, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი პასპორტისა და ფულის კუპიურის ნამდვილობას იკვლევენ. პოლიგრაფიული საშუალებებით კუპიურების სინამდვილე დასტურდება, თუმცა ექსპერტები კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს ადგენენ - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პასპორტი ყალბია.

ახლა აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გაიშიფროს გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს - ვინაცვლებთ ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიაში.

ექსპერტიზის ჩასატარებლად 3D ფოტორობიტის შესაქმნელად და პიროვნების იერსახის მონაცემთა ბაზასთან შესადარებლად სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება.

ექპსერტების ანგარიშზე კიდევ ერთი წარმატებული საქმეა - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მორიგი ნაბიჯი გადადგმულია. სპეციალისტებმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმცია მიაწოდეს, რაც საქმის ცხელ კვალზე გახსნის მთავარი წინაპირობაა.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები