26 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"დღეს ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ, რომ თქვენ ლამაზები ხართ და გვიყვარხართ" - აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თეთრი სახლის ეზოში ღონისძიებას სახელწოდებით "პრაიდის თვე 2023" უმასპინძლეს. თეთრი სახლის ტერიტორია ცისარტყელას მოტივებითა და ლგბტქ+ თემის დროშებით იყო გაფორმებული. მიზანი - ადამიანის უფლებების დაცვა და ადამიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

თეთრი სახლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას პირველმა ლედიმ ემოციური სიტყვებით მიმართა. ჯილ ბაიდენის მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები მარტო არ არიან.

"ჩვენ გვსურს ის, რაც ყველას: გვქონდეს შანსი ვიყოთ ის, ვინც ვართ, გვიყვარდეს ის, ვინც გვიყვარს და შევქმნათ კარგი ცხოვრება ჩვენი ოჯახებისთვის. წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანისთვის ამ ღონისძიებაზე მოსვლა სიმამაცის აქტია, დღეს არ ვართ აქ იმისთვის, რომ ძლიერები და გაბედულები ვიყოთ. ერთხელ მწერალმა რიტა მეი ბრაუნმა დაწერა: "ყოველი დღე, როცა ცოცხალი ხარ და ვიღაცას უყვარხარ, სასწაულია". დღეს ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ, რომ თქვენ ლამაზები ხართ და გვიყვარხართ. ეს არის სასწაული, რომელიც ყველაზე ბნელ დროშიც გვაძლებინებს და გვაძლევს მომავლის იმედს. თქვენ არასდროს ხართ მარტო. გვიყვარხართ," - განაცხადა ჯილ ბაიდენმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ twitter-ში დაწერა-"ჩემ მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც ქორწინების პატივისცემას ეხება, იმ გმირი თაობების თავგანწირვის კულმინაციაა, რომლებიც ათეულობით წლებია, იბრძვიან იმისათვის, რათა საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ და სხვებსაც ჰქონოდათ ამის საშუალება. მაგრამ გამოწვევები ისევ რჩება."

თეთრ სახლში ღონისძიება "პრაიდის თვე 2023" - ის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა იმ დისკრიმინაციულ მიდგომაზეც ისაუბრა, რომელსაც ამერიკის გეი და ბისექსუალი მოქალაქეები სისხლის დონაციის დროს აწყდებიან. პრეზიდენტმა კონგრესს "თანასწორობის აქტის" მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე არსებული დისკრიმინაციისგან დაიცავს.

დღის ამბები