აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცოლთან, ჯილ ბაიდენთან ერთად თეთრს სახლში ლგბტქ თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა - CNN-ის ინფორმაციით, პიკნიკი და კონცერტი პრაიდის თვის აღსანიშნავად გაიმართა.
პრეზიდენტმა ლგბტქ თემის წარმომადგენლების გამბედაობა შეაქო და თქვა, რომ სწუხს იმ დისკრიმინაციისა და ძალადობის გამო, რის წინააღმდეგ ბრძოლაც მათ მუდმივად უწევთ.
"ამ ქვეყანაში არავის უნდა აშფოთებდეს საკუთარი უსაფრთხოება," თქვა ბაიდენმა და გაიხსენა ღამის კლუბებში მომხდარი ჰომოფობიური თავდასხმები.
"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც ერმა. ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ასობით გულგრილ და ცინიკურ კანონპროექტს და კანონს, რომლებიც მიმართულია ტრანსგენდერი ბავშვების წინააღმდეგ, აშინებს ოჯახებს და დანაშაულებრივ საქმიანობაში ითრევს ექიმებსა და ექთნებს. ეს კანონპროექტები და კანონები თავს ესხმის ძირითად ღირებულებებს და თავისუფლებებს, რომელიც ჩვენ, ამერიკელებს გვაქვს . ეს არ არის ჰიპერბოლა, ეს ფაქტია - გქონდეს უფლება, იყო ის, ვინც ხარ... გქონდეს უფლება, მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ ჯანმრთელობაზე და გქონდეს უფლება, აღზარდო საკუთარი შვილები.
ჩვენ ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ არავის არ უნდა აშფოთებდეს უსაფრთხოება ამ ქვეყანაში. არავინ არ უნდა იყოს გამოცალკევებული, დემონიზებული ან სხვაზე ნაკლებად გრძნობდეს თავს. არის რაღაცები, რაც არასდროს არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ ან რისკის ქვეშ - შენი სიცოცხლე, უსაფრთხოება, ღირსება. ეს არასდროს არ უნდა იყოს რისკის ქვეშ, თუმცა ეს მაინც ასეა. ლგბტ თემის ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და ეშინია საკუთარი მომავლისა და უსაფრთხოების. ასე რომ, დღეს მსურს მივმართო ყველას, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ბავშვებს - გვიყვარხართ, ჩვენ გვესმის თქვენი," - განაცხადა ბაიდენმა.