რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება ეზრდება - პარლამენტი, დაჩქარებული წესით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.
კანონის პროექტს 12 ივნისის სხდომაზე ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.
რეგულირების სააგენტოს ექნება უფლება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოითხოვოს მასალები, დაათვალიეროს, დალუქოს ან ამოიღოს შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე, გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი, შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს.
ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება.
"სასამართლო კლინიკას აცნობებს წინასწარ, რომ არის ინტერესი კონკრეტული შემთხვევის მიმართ და სწორედ ამ შემთხვევაზე აპირებს რეგულირების სააგენტო შესწავლის დაწყებას. ეს გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი არის რამდენადმე რისკის მატარებელი იმ კუთხით, რომ ობიექტური სურათი შეიძლება ამ პერიოდში დაიკარგოს, ამდენად რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. ამ ტიპის ინფორმაცია არის პაციენტის საჩივარი, ასევე შეიძლება იყოს ჩვენამდე მოსული ან სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია.
იგივე შემიძლია ვთქვა ფარმაცევტულ სექტორთან მიმართებაში. უკვე რეფერენტული ფასების რეგულაციის ამოქმედებასთან ერთად რეგულირების სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება ადგილზევე აღასრულოს და მაშინვე შეაფასოს, შეამოწმოს რეფერენტული ფასების რეგულაციის აღსრულებასთან დაკავშირებული დარღვევები.
მნიშვნელოვანია ასევე ჯარიმების ოდენობის გაზრდა. საჯარიმო სანქციები დღესაც მოქმედებს, თუმცა ჯარიმების ოდენობა იმდენად ნომინალურია, რომ კლინიკას ხშირ შემთხვევაში ურჩევნია, ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე გააკეთოს ინვესტიცია კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრის კუთხით. იგივე შეიძლება, ითქვას ფარმაცევტული სექტორის შესახებ. ეს შეიძლება, იყოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია, ინფექციის კონტროლის პირობების გაუმჯობესება და ა.შ.
ბუნებრივია, ეს ქმნის რისკის მატარებელ გარემოში კლინიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მეტ რისკებს პაციენტის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე ჯარიმებს პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეთ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.