ომის 472-ე დღეს რუსების სამიზნეში ნიკოლაევი,პოლტავა და ოდესა მოხვდნენ. უპილოტო საფრენი აპარატები და მათ შორის ბალისტიკური რაკეტები აგრესორებმა გამთენიისას გამოიყენეს. ერთ-ერთი ოდესის საცხოვრებელ სახლს მოხვდა და 3 ადამიანი იმსხვერპლა. დაჭრილია 27, მათ შორის არიან ბავშვები.
რუსები შეტევებს ირანული დრონების მეშვეობით ახორციელებენ. ამერიკელების ცნობით სწორედ თეირანი აწვდის მოსკოვს არათუ ე.წ. "შაჰიდებს" არამედ ქარხნებში მის საწარმოებლად საჭირო დახმარებასაც. უკრაინამ კი როგორც ჩანს მოკავშირეებისგან საჭირო დახმარება უკვე მიიღო, რადგან კონტრშეტევითი ოპერაციები ოფიციალურად დაიწყო. საუბარია ძირითადად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, მათ შორის, ზაპოროჟიეზე. წინსვლაა ბახმუტშიც. ზელენსკიმ დღეს ეს ინფორმაცია პირველად დაადასტურა საჯაროდ და პოზიტიურ მოლოდინებზე ისაუბრა. ეს კი პუტინის პასუხად გააკეთა, რომელიც მანამდე შეეცადა მოწინააღმდეგის ოპერაციები დაეკნინებინა.
პუტინისა და მისი ჯარის კვალს კახოვკის ჰესის აფეთქებაში დასავლეთი კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხედავს. მათ შორისაა სეისმური მონაცემები და სატელიტური ინფორმაცია. დატბორილ დასახლებებში წყლის დონემ იკლო. მიუხედავად ამისა მიმდებარე სოფლებში 2000 ადამიანი ჯერ კიდევ ევაკუაციის მოლოდინშია. 2 ადამიანს დახმარებამ ვერ მიუსწრო. დნეპრმა კი საცხოვრებელ სახლებთან და ხეებთან ერთად შავ ზღვაში ნაღმებიც კი წაიღო.
კიევს დღეს კანადის პრემიერი, ჯასტინ ტრუდო სტუმრობდა- რომელიც ზელენსკი არა მხოლოდ უკრაინელი პილოტების გაწვრთნას, არამედ დამატებით 500 მილიონიან დახმარებასაც შეჰპირდა. აშშ-მ კი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი გამოუყო. გააქტიურებას აპირებს გერმანიაც, ოლაფ შოლცმა დააანონსა, რომ დღე-დღეზე პუტინს დაურეკავს და მას უკრაინიდან ჯარის გაყვანას მოსთხოვს, თუმცა, შესაძლოა, კრემლმა ზარს არ უპასუხოს - პესკოვი ამბობს, რომ პუტინს შოლცთან საუბარი არ სურს.