26 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს - ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციების მიუხედავად ეროვნული ბანკის საბჭოში კანდიდატების წარდგენას არ აპირებს, რაც ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობას აფერხებს.

ვეტოს დაძლევის პროცედურაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით იზიარებენ. მმართველი გუნდის ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნულ ბანკში დამატებით პირველი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა იქმნება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბანკის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ექნება. სწორედ ამ ჩანაწერმა გაუჩინა კითხვები ოპოზიციას და პრეზიდენტს, რომელმაც ვეტოს უფლებით ისარგებლა.

ოპოზიციის ბრალდებები საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელოვნურ დაბრკოლებებს ხშირ შემთხვევაში თავად პრეზიდენტი უქმნის, ამბობენ, რომ მსგავსი გამოცდილება, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების დროსაც ჰქონდათ.

”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს საკითხი ორშაბათს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილება. შემდეგ კი, საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება და მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა დაჭირდება.

დღის ამბები