26 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
გერმანიის უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - როგორ აფასებენ გზავნილებს თბილისში

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია - ამ გზავნილით ჩავიდა ქართული დელეგაცია ბერლინში და ამ განწყობითვე დაბრუნდა თბილისში. ქვეყანამ გერმანიისგან მიიღო მხარდაჭერაც და მოწოდებაც, რომ მაქსიმალური ძალისხმევით გაგრძელდეს რეფორმები. სახელისუფლებო გუნდი ამისთვის მზაობას გამოთქვამს და იმედს, რომ ევროპა ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღეს პრემიერის და გერმანიის კანცლერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები მიზანმიმართულად ახდენდნენ ოლაფ შოლცის მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევის ინტერპრეტაციას.

ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ ბერლინში გამაფრთხილებელი გზავნილი მიიღო - დროულად და რეალურად შესრულდეს ევროკომისიის დავალებები. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ გერმანია საქართველოს საკითხით აქტიურადაა დაინტერესებული და ამას ბოლო პერიოდში თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის წარმომადგენელთა ვიზიტიც ადასტურებს. არ მალავენ, რომ დელეგაციის წევრებს თავადვე უთხრეს, რომ 12 პუნქტი სრულყოფილად არ სრულდება.

მმართველი გუნდი ოპონენტების ანტისახელმწიფოებრივ მიზნებზე საუბრობს - რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. ამბობენ, რომ ბურთი რეალურად ევროპის მოედანზეა.

ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის, გერმანიის კანცლერს საქართველოს პრემიერი ბერლინში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს. თბილისი კმაყოფილია, პირველ რიგში კი იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მასპინძელმა ქვეყანამ დაადასტურა. გერმანია რომ საქართველოს გვერდით დგას - დღეს ტვიტერზე დაწერა ელჩმა ფიშერმაც. გერმანელმა დიპლომატმა კანცლერის ოფისისი გზავნილი გაიმეორა რომ საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში და დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

 

დღის ამბები