26 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
რეგიონის უსაფრთხოება, ევროპული პოლიტიკა და ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს - ეს ის საკითხებია, რაზეც შოლცმა და ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრეს

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში, კანცლერისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საათ-ნახევარის განმავლობაში გაგრძელდა. მხარეებმა უკვე გაავრცელეს საუბრის ზოგადი დეტალები - რეგიონის უსაფრთხოება, ევროპული პოლიტიკა და ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს.

ფედერაციის კანცლერის ოფისი აცხადებს, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე და კვლავაც მოუწოდებს თბილისს მაქსიმალური მონდომებით განახორციელოს რეფორმები. თავის მხრივ ბერლინში, საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

გავრცელდა პროტოკოლური ფოტოც პირისპირ, შოლცის კაბინეტში ყავაზე. კანცლერი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს და ღია საუბარს სასურველი შედეგისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის უჭერდა მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.

კანცლერმა ასევე მოისმინა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა და ამ კუთხით განხორციელებული რეფორმები. ირაკლი ღარიბაშვილის ერთ დღიანი სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დასრულებულია.

საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება - ამ განწყობით ბრუნდება დელეგაცია თბილისში. 

დღის ამბები