26 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებია - უწყებას საშუალება ექნება სამედიცინო დაწესებულებებში დარღვევები ოპერატიულად შეისწავლოს

ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის და რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება. უწყებას საშუალება ექნება სამედიცინო დაწესებულებებში დარღვევები ოპერატიულად შეისწავლოს. 

კანონპროექტის მიხედვით, თუ პაციენტი კონკრეტულ კლინიკაზე საჩივარს დაწერს, რეგულირების სააგენტო დადგენილი ვადების ნაცვლად, საქმეზე მოკვლევას იმავე დრეს დაიწყებს. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ოპერატიულად მოიპოვონ ფოტო და ვიდეო, მოისმინონ ექიმების განმარტებები, მტკიცებულებების სახით ამოიღონ საეჭვო მასალები, დალუქონ დოკუმენტაცია.

ოპერატიულ რეაგირებას მოქმედი რეგულაციების ხანგრძლივი ეტაპები აფერხებს. უკმაყოფილო მოქალაქე თავდაპირველად სასამართლოს მიმართავს, პირველი ინსტანცია მხარეებს შუამდგომლობას 72 საათში აწვდის. ხშირია შემთხვევები, როდესაც კლინიკებში შესვლისას, მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე მტკიცებულებები აღარ ხვდებათ. საავადმყოფოები დოკუმენტების მოწესრიგებას ასწრებენ და დარღვევებს მალავენ.

ახალი კანონპროექტით იზრდება ჯარიმების რაოდენობა და მცირდება გადახდის ვადებიც. თუ აქამდე კლინიკას სასამართლოს გზით პროცესის გაჭიანურება შეეძლო, კანონში ცვლილებების მიხედვით, აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ მონიტორინგის ეს ფორმა სამედიცინო დაწესებულებებში კონტროლის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.

ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე საკითხები ერთობლივად უნდა დამუშავდეს. საკანონმდებლო პაკეტის მთავრი მიზანი პაციენტის ინტერესების დაცვაა. 

რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილების გაზრდის საჭიროება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უწყებამ კლინიკაში მასშტაბური დარღვევები გამოავლინა. ერთ- ერთი ასეთი ფაქტის შესახებ "კურიერი ps."-მა საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ მომზადებული რეპორტაჟით უამბო. 

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაინიცირდა.

 

დღის ამბები