26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირსპირება გრძელდება - ხაბეიშვილისა და მელიას ფლანგები ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებენ

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ კრიზისზე საუბრისას, ყოფილმა თავმჯდომარემ ახალი მენეჯმენტის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა. ნიკა მელიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებები პარტიისთვის მომაკვდინებელია. პარტიის ყოფილი ლიდერის თქმით, მერაბიშვილ-კეზერაშვილის ჩრდილოვანმა მმართველობამ გუნდში ყველა ხიდი ჩაანგრია, "ნაციონალურ მოძრაობას" კი სოლიდურობა დააკარგვინა.

კონტრპროდუქტიული უწოდეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას. თინა ბოკუჩავამ მელიას გზავნილები პარტიაზე მორიგ შეტევად აღიქვა და ყოფილ თავმჯდომარეს ირიბად, გუნდიდან წასვლა ურჩია.

პარტიაში არსებულ პრობლემებზე "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა ლიდერებმაც ისაუბრეს. ხატია დეკანოიძის თქმით, გუნდში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი თავად ახალმა მენეჯმენტმა უნდა იპოვოს.

მერაბიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიის ჩრდილოვანი მმართველები, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ.

ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა ლევან ხაბეიშვილს მთავარი დაპირებაც შეახსენეს. თქვეს, რომ ახალმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ვერ შეძლო, ექსპრეზიდენტის შესაძლო პრემიერ-მინისტრობაზე განცხადება კი "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გააკეთა.

ყოფილ თავმჯდომარეს და მის თანამოაზრეებს, მარცხთან შეგუება ურჩიეს ლევან ხაბეიშვილის ფლანგიდან და იქვე განმარტეს, რომ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების საკითხი, თავად ექსპრეზიდენტის გადასაწყვეტია.

სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანის მცდელობა მმართველი გუნდის აზრით, ექსპრეზიდენტის სახელით სპეკულაციას ნიშნავს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებასა და პარტიის გეგმებზე თავად ლევან ხაბეიშვილს არ უსაუბრია. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე შეხვედრებს რეგიონებში მართავს.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები