26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ლატვიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და ჯგუფის წევრები ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდნენ

ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გელა სამხარაული, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიდზის შმიდტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამ კუთხით ლატვიის მთავრობის წევრმა, დიდზის შმიდტმა გამოხატა მხარდაჭერა და გამოთქვა სრული მზაობა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კონსულტაციებში.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა ლატვიის მთავრობის წარმომადგენელთან, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მხარდაჭერის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, ვინაიდან საქართველო აგრარული ქვეყანაა.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეემატა ახალი წევრი - ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ედვარდს სმილტენი, რაც ძალიან მეამაყება. ლატვია - საქართველოს მეგობრობას დიდი ტრადიციები აქვს. ჩვენ მუდმივად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფვით. საქართველო ისტორიულად არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და ყოველთვის ისწრაფოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სიამაყით აღვნიშნავ, რომ 9 წელია ვარ ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო საუკეთესო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კიდევ უფრო დასაახლოებლად“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

აქვე, მან აღნიშნა, რომ თბილისში არაერთხელ უმასპინძლა ლატვიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს, რომელიც პრეზიდენტობამდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ისევე როგორც არაერთხელ იყო მისი სტუმარი საპატიო კონსულების ტრადიციული მიღების ფარგლებში.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მთავრობამ დიდ წარმატებებს მიაღწია, როგორებიცაა: ვიზალიბერალიზაცია; თავისუფალი ვაჭრობა; ევროპერსპექტივის მიღება და ა.შ. ამასთან, გასული წლების მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, საქართველოს აქვს ორნიშნა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. IMF-ის და მსოფლიო ბანკის საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით.

აღინიშნა, რომ მსგავსი ეკონომიკური აღმავლობა დიდწილად განაპირობა მთავრობის გონივრულმა სამშვიდობო პოლიტიკამ.
რაც შეეხება აგრარულ მიმართულებას, აღინიშნა, რომ ამ სფეროში საქართველო და ლატვია მჭიდროდ თანამშრომლობენ. კერძოდ, 2016 წლიდან, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე “Riga Food, სადაც 2022 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი 20-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ამ პლატფორმის ფარგლებში, ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ძირითადი მიზნებია: საქართველოსა და ლატვიას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება; გამოცდილების გაზიარება აგრარულ სფეროში, ევროპულ ბაზარზე საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა, მათ შორის ლატვიაში ყურძნის ნატურალური ღვინოების, სპირტიანი სასმელების, მინერალური და მტკნარი წყლების, თხილის, კენკროვანი და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტირება.
დასასრულს ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ წელს შესრულდა 30 წელი, რაც 1993 წლის 11 მარტს, ლატვიასა და საქართველოს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები და მიულოცა შეხვედრის მონაწილეებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის სეიმში მეგობრობის ჯგუფთან, დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეებთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან.

დღის ამბები