26 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ადგილას, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნით სპორტულ ტანსაცმელს ამზადებდნენ

პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომლებსაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას ედავებიან, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ადგილას, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომელსაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე ყიდდნენ.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები