26 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
დასავლეთი არ არის მზად, უკრაინას მისცეს უსაფრთხოების დაპირებები, რომელიც მას სურს - POLITICO

"დასავლეთი არ არის მზად, უკრაინას მისცეს უსაფრთხოების დაპირებები, რომელიც მას სურ"ს - ამ სათაურით POLITICO სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ "უკრაინა უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიებს ითხოვს გრძელვადიანი გადარჩენის უზრუნველსაყოფად, თუმცა მოკავშირეები უბრალოდ ჯერ არ არიან მზად ამის გასაკეთებლად."

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ თემაზე მრავალთვიანი საუბრის მიუხედავად, დასავლეთი კვლავ დაყოფილია თითქმის ყველა ელემენტზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კიევის ამ მოთხოვნას.

"უნდა აწარმოოს თუ არა ეს საუბარი ნატომ? თუ მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო ძალებმა უნდა უზრუნველყონ ინდივიდუალური გარანტიები? ღირებულია თუ არა რაიმე გარანტია, ნატოში გაწევრიანების გარდა? და, ჩინოვნიკებს აინტერესებთ, რა არის „უსაფრთხოების გარანტია“? ყველა ეს კითხვა ღია რჩება“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ უკრაინის მხარდამჭერები უხერხული რეალობის წინაშე დგანან: ბევრს რეალურად არ სურს უკრაინას ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადები მისცეს, თუმცა მათ ასევე არ სურთ უკრაინელები იმედგაცრუებულები ან დაუცველები დატოვონ.

"ზოგჯერ რთულია იმის გაგება, რაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა აღმოსავლეთ ევროპიდან მაღალი რანგის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

უკრაინას სურს, რომ ნატოს ლიდერებმა კიევს ომის შემდგომი გაწევრიანების საგზაო რუკა მისცენ და უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, ვიდრე უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არსებობს კონსენსუსი გარანტიების უზრუნველყოფაზე და არც იმაზე, თუ რა მოჰყვება მათ და რა ფორმატის გამოყენება შეიძლება.

ერთი-ერთი წინადადება ე.წ. კიევის უსაფრთხოების შეთანხმებაა - კონცეფცია, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა შეიმუშავა ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად. გეგმა ითვალისწინებს მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის ვალდებულებას, გააძლიერონ უკრაინის თავდაცვა მომავალი წლების განმავლობაში, როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო დახმარებით.

გარდა ამისა, დასავლეთის თავდაცვის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და აკადემიკოსებმა ასევე წამოაყენეს იდეა, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან თანამშრომლობასა და უკრაინის დახმარებაზე, სწრაფად გააფართოოს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია.

თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ როდესაც პოლიტიკოსები ახლა საუბრობენ „გარანტებზე“, ისინი არსებითად საუბრობენ დაპირებაზე, შეინარჩუნონ იარაღის მიწოდება და არა კონკრეტული დაპირება უკრაინის დასაცავად.

სტატიის ავტორი წერს, რომ მეტი იარაღის მიწოდების დაპირება არ არის ზუსტად ის, რაც უკრაინას სურს.

"განიხილავს თუ არა რომელიმე ქვეყანა სერიოზულად უკრაინას უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები მისცეს? მხოლოდ [ნატოს წესდების] მე-5 მუხლს აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა აღმოსავლეთ ევროპიდან მაღალი რანგის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

დღის ამბები