გელათის სამონასტრო კომპლექსში ნიადაგისა და ქანების გეოფიზიკური კვლევა მიმდინარეობს. გერმანიის გეოფიზიკის ინსტიტუტიდან და მიუნხენის უნივერსიტეტიდან სპეციალურად მოწვეულმა სპეციალისტებმა ადგილზე მდგომარეობის შესწავლა უკვე დაიწყეს.
გერმანელ სპეციალისტებს სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება ტაძრის რეაბილიტაციისთვის შექმნილი სამეცნიერო საბჭოს წევრებმა გააცნეს. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორია დეტალურად უნდა შეისწავლონ. ივლისის შუა რიცხვებში გაფართოებული შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც გელათის სარეაბილიტაციო კონკრეტულ გეგმას წარმოადგენენ. ახლა კი ნიადაგის შესწავლა, თანამედროვე მეთოდით, გათხრების გარეშე მოხდება.
გელათის რეაბილიტაციის მართვა 6 აპრილიდან, საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების თანახმად, საპატრიარქოს დაევალა.
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის მეთოდიკა და ყველა ტიპის სამუშაოები "იუნესკოს" რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდება.
გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, ახალი გენერალური გეგმის შემუშავება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა. მთავრობის მეთაური ადგილზე იმყოფებოდა და მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, შემუშავდება და რეაბილიტაციაც კვლევების საფუძველზე განხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის განახლების პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.