26 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტის სურვილი ცნობილია - 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ, ისევ მიხეილ სააკაშვილს განიხილავს

2024 წლის არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა", მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ, ისევ მიხეილ სააკაშვილს განიხილავს. ახალი მენეჯმენტის სურვილი ცნობილია, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი პარტიის პრემიერ - მინისტრობის კანდიდატად დაასახელოს.

სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელების საკითხზე, პირველი განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გააკეთა სატელევიზიო ეთერში. ლევან ხაბეიშვილს, პოლიტიკური სტრატეგია მალევე დაუწუნა ყოფილი თავმჯდომარის გუნდმა. ნიკა მელიას თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება, არასერიოზულია.

ახალი პოლიტიკური გეგმის გაჟღერების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შეახსენეს, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მარტივი არ იქნება. იუსტიციის მინისტრის თქმით, ექსპრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა, ამის გამო კი, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს.

პოლიტიკური გეგმების განხორციელებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი, ლევან ხაბეიშვილს მძიმე შემოდგომას უანონსებს. პარტიის საკრებულოს წევრი, მამუკა გუგეშაშვილი ამბობს, რომ ახალმა თავმჯდომარემ ყოფილ ძალოვანს იმედი გაუცრუა, რის გამოც ვანო მერაბიშვილი, შემოდგომაზე ხაბეიშვილის სახლში გაშვებას გეგმავს. მის შემცვლელად კი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, დავით კირკიტაძეს ან ლევან ბეჟაშვილს განიხილავს.

მამუკა გუგეშაშვილის განცხადებებმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გააღიზიანა.ლევან ბეჟაშვილმა, შიდაპარტიულ პრობლემებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ ხაბეიშვილის გადაყენებაზე საუბარი არასერიოზულია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის შეფასებით, არასერიოზულია. საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციურ პარტიაში ყოფილი ძალოვანი მინისტრების გავლენებზე მიუთითებს და ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დანიშვნით პარტია სრულად ჩამოიშალა.

შიდაპარტიული კრიზისის ფონზე, ლევან ხაბეიშვილი მოკავშირეებს ოპოზიციაში ეძებს. "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის შეთავაზებაზე, "ღამის კურიერის" ეთერში დავით კირკიტაძემ ისაუბრა. პარტიის ერთ-ერთ ლიდერს არ დაუმალავს,რომ ოპოზიციონერი კოლეგების საპასუხო განცხადებებით უკმაყოფილოა. დარწმუნებულია, რომ პარტიები თავიანთ სიტყვებს უკან წაიღებენ და "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა მაინც მოუწევთ.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, პარტიის ყოფილი წევრებიც არ განიხილავენ. პოლიტიკური თანაცხოვრების შედეგად მიღებული გამოცდილება, ხატია დეკანოიძეს არწმუნებს, რომ ხაბეიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანება, ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩევლებს დააკარგვინებს.

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ერთადერთი ვისაც, 2024 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლა მარტო ვერ წარმოუდგენია, სტრატეგია აღმაშენებელია.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები