26 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ვაშინგტონმა იმ 5 ქვეყნის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევენ სანქციებს გვერდი აუარონ - Politico

გამოცემა პოლიტიკო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ, ჯიმ ობრაიენზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა იმ 5 ქვეყნის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევენ სანქციებს გვერდი აუარონ. ეს ქვეყნებია : თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სომხეთი.

ობრაიენის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებსაც, თავის მხრივ, მასალები რუსეთის ბაზარზე გააქვთ.

ევროკავშირის ქვეყნები მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება არსებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებზე და მოიცავს ახალ მექანიზმს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.

ობრაინის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არგუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.

"ამ კონტექსტში, საქართველოსთვის, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ, კონკრეტული წარმოდგენილი განმარტებები, არგუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებებია საჭირო.

"ვთხოვ ამერიკელებსაც, ევროპელებსაც, ყველას, რომ ზოგადი დაკვირვების მიღმა, თუ მათ აქვთ მეტი ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები, ეს რაც შეიძლება სწრაფად ან გაასაჯაროონ, ან სხვა ფორმით გახადონ შესაძლებელი, რომ ეს ვნახოთ,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას იცავს და მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადებების გაკეთება უსაფუძვლოა.

"საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ამაზე ადრეც იყო საუბარი, მათ შორის ამერიკულმა მხარემაც კი გააკეთა ამაზე კომენტარი. შესაბამისად, რაიმე სახის მანიპულაცია რომ საქართველო ვინმეს შეიძლება ეხმარებოდეს სანქციების გვერდის ავლაში, გამორიცხულია. პირიქით, გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ, რომ საქართველო არა თუ ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არამედ ეხმარება აღსრულებაში.

სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დახვდა რუსეთის მოქალაქეებს და მოუწოდებდა, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ და ცალმხრივად აღუდგინეს უვიზო რეჟიმი. ეს ესე იყო თუ არა?“ - ამბობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

დღის ამბები