26 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ეტყობა, მარინა კალიურანდი სხვა ქვეყანაზე საუბრობს, საერთოდ აცდენილია რეალობას - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები რეალობას არ ასახავს. როგორც კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპულ მომავალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მტრები ჰყავს.

"გულწრფელად ვიტყვი, ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მოწინავეა.

"ჯერ რას ნიშნავს ზედაპირული შესრულება? ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, ამ ქვეყანაში რაც ხდება და რამხელა უბედურება ტრიალებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ის არის, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსი. ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი და გავაკეთოთ შედარებები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – ნახავთ, როგორ წინ არის ჩვენი ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით. მაშინ, როცა ის არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული. უნდოდათ, რომ ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით გამოეყენებინათ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მინდა, დავარწმუნო ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმ თვალსაზრისით, რომ მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუციები. არ გამოუვათ. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს ძალიან დიდი მხარდამჭერი – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესს ატარებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა დღეს განაცხადა, რომ "საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში."

 

დღის ამბები