26 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ვინმე თუ გვაკრიტიკებს, შესაბამისი არგუმენტები უნდა მოიყვანოს - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "ევროპარლამენტში არის ძალიან განსხვავებული აზრი, სწორედ ეს არის დემოკრატია."

"საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, მთელი საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ, მათ შორის, ევროპარლამენტში არის ძალიან განსხვავებული აზრი, სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის მოსაზრება, შეიძლება სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ა.შ." - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ დიდი პროგრესი აქვს.

"ვინმე თუ გვაკრიტიკებს, მან შესაბამისი არგუმენტები უნდა მოიყვანოს. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, საქართველოში დღეს არის სასამართლო სისტემა ყველაზე დამოუკიდებელი მისი არსებობის ისტორიაში. იუსტიციისა და საგარეო სამინისტროების თანამშრომლები დადიან ევროპულ დედაქალაქებში და გადიან კოლეგებთან ყველა იმ საკითხს, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია, გაჩვენოთ, რამდენად დიდი პროგრესი აქვს მიღწეული საქართველოს, მათ შორის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვექნება," -განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა დღეს განაცხადა, რომ "საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში."

 

დღის ამბები