26 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ძირითადი მიზანი - მაია ბითაძე

ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა სანამ "ქართული ოცნება" მოვიდოდა ხელისუფლებაში, გვახსოვს, როდესაც გვეშინოდა საკუთარ ტელეფონზე საუბრისაც კი. ფაქტობრივად, ყველა ოჯახი იყო დაზარალებული, ვინაიდან, პრაქტიკულად, ყველა ოჯახიდან თითო წევრი მაინც იყო დაპატიმრებული, ნაწამები და ჩვენი პარტნიორებისგან ადამიანის უფლებების მხრივ დიდი შეშფოთება არ იყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბითაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, რაც პოლარიზაციის დასრულებას შეუწყობს ხელს.

"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის, იმის გაგებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპარლამენტში ინტეგრაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გაიგოთ როგორია ჩვენი ქვეყნის რეალური მდგომარეობა, რომელიც გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გეოგრაფიული მდებარეობის გამო გაგვაჩნია. ვიმედოვნებთ რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა მიგვიყვანს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსამდე, რაც ნამდვილად გამოიწვევს დეპოლარიზაციას," - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასთან ერთად, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ძირითადი მიზანია.

„მშვიდობა და სტაბილურობა, ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ძირითადი მიზანი. თითოეული ჩვენგანი, პარლამენტარი თუ მოქალაქე, დამცირებულად ვგრძნობთ თავს, როცა გვეუბნებიან, რომ როცა რაიმეს ვამბობთ, ეს პრორუსულია, ვინაიდან რუსეთი აგრესორია, გვახსოვს, თუ როგორ გვბომბავდა და გვახსოვს ისიც, თუ როგორი ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან საბჭოთა კავშირის დროს. ამიტომაც, არანაირი "დიდი ძმა" ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვსურს ევროპასთან ინტეგრაცია და გვჭირდება კარგი პარტნიორობა ევროკავშირთან," - განაცხადა ბითაძემ.

დღის ამბები