26 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მოსავალი - კახეთი, მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვის

კახეთში უხვმა ნალექმა, ლაგოდეხის 5 სოფელი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მოსავალი. დაიხოცა შინაური ფრინველიც. ძლიერმა წვიმამ, ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 7 000-მდე აბონენტი დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

კახეთი, მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვის. უხვმა ნალექმა გადაადგილების პრობლემაც შექმნა. ძლიერი ქარის შედეგად, მოგლეჯილი ხეები სატვირთო ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები წააქცია დაცულ ტერიტორიებზეც. ერთ-ერთი მათგანი ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. შედეგად შენობის სახურავი და კედლები დაზიანდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სტიქიამ პრობლემები შექმნა ყვარლის რაიონში. ყველაზე რთული ვითარება სოფელ გავაზშია, სადაც ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური უბნები დატბორა. ქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო ავტომობილებით გადაადგილებაც.

უხვი ნალექის შედეგად, მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. შექმნილია სპეციალური კომისიაც. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეც ტექნიკა. მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები.

რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

 

დღის ამბები