26 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"პრეზიდენტი კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟისთვის იყენებს" - მმართველი ძალა ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტს ფინანსთა მინისტრის კვალიფიკაცია და გამოცდილება მოსწონს, თუმცა მის დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარება - ასე ახსნა დღეს ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავარსარდალმა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა დაბლოკა. გიორგი მსხალაძის განმარტებით, მთავარი საფინანსო ინსტიტუტი, პრეზიდენტის გარეშეც გამართულად მუშაობს.

საპარლამენტო მდივანს, საკანონმდებლო ორგანოდან მალე უპასუხეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტთან სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, თუმცა ზურაბიშვილმა პირობა არ შეასრულა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟისთვის იყენებს, რაც სხვა სახელმწიფო ორგანოების მიმართ, მისი დამოკიდებულებით წარსულშიც არაერთხელ გამოჩნდა. შესაბამისად, მმართველი ძალა ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

"უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ხელისუფლება ცდილობს" - ასეთია ოპოზიციის შეფასება. დეპუტატები, რომლებიც ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ცოტა ხნის, ხელისუფლების ინტერესების გამტარს უწოდებდნენ, დღეს ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი ერთადერთი მიუკერძოებელი ინსტიტუტია.

ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს, რომ მმართველი პარტია დაძლევს, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება დღეს გავრცელდა. "ქართულ ოცნებაში" ზურაბიშვილის მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ის გარკვეულწილად ოპოზიციის დღის წესრიგით ხელმძღვანელობს, რის გამოც ინსტიტუციების გამართული საქმიანობა ფერხდება. "ოცნების" დეპუტატებმა პრეზიდენტს ისიც შეახსენეს, რომ საბჭოში კანდიდატების წარდგენის დრო ჯერ კიდევ აქვს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 2 მარტს ამოეწურა. პრეზიდენტის წარდგინებით წევრების დანიშვნას, საბჭო უკვე 3 თვეა ელოდება. კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, საბჭოს წევრებს ექნებათ სამართლებრივი უფლება პირველი ვიცე-პრეზიდენტი აირჩიონ, რომელიც ვაკანტურ თანამდებობას, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დაიკავებს.

დღის ამბები