26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, რომელიც ამ პოზიციაზე თავის ოთხწლიან საქმიანობას ივნისის ბოლოს დაასრულებს.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა როლანდ პრაისს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, სებასტიან მოლინეუსს კი, საქართველოს მთავრობასთან ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა როლანდ პრაისს და სებასტიან მოლინეუსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. აღინიშნა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.
 
მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი 15 აქტიური ინვესტიციისგან შედგება და საერთო ჯამში 1.5 მილიარდი აშშ დოლარია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
დღის ამბები