ქუთაისში, მთავრობის პროგრამის, "განახლებული რეგიონების" ფარგლებში 15 შენობის რეაბილიტაცია დასრულებულია. ჩატარებული სამუშაოები მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილს იმ სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელზეც პროგრამის ფარგლებში 9 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია, ღირებულება კი 14 მილიონს აჭარბებს. ფალიაშვილის ქუჩისა და ცენტრალური პარკის გარდა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, "ოქროს ჩარდახს".
სარეაბილიტაციო სამუშაობის დათვალიერების პარალელურად პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.
ქუთაისის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ვანის განახლებული ცენტრი მოინახულა. მთავრობის მიერ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად ვანში.
35 შენობა და სამი სკვერი განახლდა. მოეწყო კერძო საკუთრებაში არსებული სახლების ღობეები, განათება, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი და ბაზრის ტერიტორია. პროექტის საერთო ღირებულებამ 11 მილიონზე მეტი შეადგინა.
ცენტრალური ნაწილის გარდა ვანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი რაიონის მასშტაბით მიმიდნარეობს. ადგილობრივები ამბობენ,რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად რეაბილიტაცია საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ტურისტულ პოტენციალზე. "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით პროგრამის პირველი ფაზა დასრულებულია. ახლა მეორე ფაზის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე განახლდა 700-ზე მეტი შენობა. მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები, ასევე საინჟინრო ქსელები.
დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმის თანამშრომლებს ევროპის მუზეუმების პრემიის გამარჯვებულის ტიტული პირადად მიულოცა. მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. სილეტოს ჯილდო ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო მუზეუმს გადაეცემა - ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა პრიზი 6 მაისს ბარსელონაში მიიღო.
ქუთაისსა და ვანში პრემიერ მინისტრთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.