26 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზად არის

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზად არის. ახლად რეაბილიტირებული, უეფას მე4 უმაღლესი კატეგორიის სტადიონი პრემიერ მინისტრმა დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო უკვე განხორციელებული სამუშაოები.

კაპიტალური რეაბილიტაციის შედეგად თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები - გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების და უსაფრთხოების. სტადიონი აღჭურვილია ყველა აუცილებელი სერვისით, როგორიცაა სივრცეები სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის

. დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული შესასვლელები, ლედსარეკლამო კედლები. სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 32.7 მილიონი ლარი შეადგინა. პრემიერ მინისტრთან ერთად ახლად რეაბილიტირებულ სტადიონზე თბილისის მერიც იმყოფებოდა. უეფას სტანდარტების შესაბამისად განახლდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიც. ფაქტობრივად, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. 35 მილიონი ლარია ის ღირებულება, რომელიც ქუთაისში სტადიონის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა. უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მოედანზე ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას.

პრემიერ მინისტრთან ერთად განახლებულ მოედნის საფარზე დღეს ირაკლი ქარსელაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანიც იმყოფებოდნენ. საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სამუშაოებისთვის 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

განხორციელდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია. ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა გამოიცვალა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე 1 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში.

საწვრთნელ სათადარიგო მოედნები აშენდა წყალტუბოში, ქობულეთში და ბათუმში. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.

სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

დღის ამბები