26 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
რუსული ჰონორარი - "დროას" ლიდერის ოჯახის წევრებს რუსეთიდან მიღებულ მილიონობით რუბლზე საუბარი კვლავ არ სურთ

"დროას" ლიდერის ოჯახის წევრებს რუსეთიდან მიღებულ მილიონობით რუბლზე საუბარი კვლავ არ სურთ. ელენე ხოშტარიას დედამ კრემლის ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე დღეს არაფერი თქვა, მედიასთან არც პოლიტიკოსი გამოჩენილა. ხოშტარიებთან ბოლო ტრანზაქცია ორი კვირის წინ შესრულდა - საუბარია 2.5 მილიონ რუბლზე, ეს იმ დროს, როდესაც თავად რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებდა. რუსულ გზავნილებზე საუბარი მხოლოდ მანანა ხიდაშელმა ისურვა, ხოშტარიას ნათესავი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნისგან სამემკვიდრეო ჰონორარს იღებს, რაც ბუნებრივი მოვლენაა.

ორმაგი სტანდარტით მოქმედება მორალური ბარიერების გარეშე - ასე აფასებს მთავრობის მეთაური ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახის კავშირს რუსულ ფულთან. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტს დღეს, ხელისუფლებაში ყოფნის დროც შეახსენა და თქვა, რომ მაშინ ევროინტეგრაციის პროცესი გაურკვეველი და საეჭვო მიზეზებით შეფერხდა. 

მედიასთან არ გამოჩენილან გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე, თუმცა მათი თანაპარტიელები ოკუპანტი ქვეყნისგან დაფინანსების მიღებაში პრობლემას ვერ ხედავენ. რუსული ტრანზაქციები არც "ნაციონალურ მოძრაობაში" აეჭვებთ.

განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში არ სჯერათ, რომ მათი კოლეგა ათიათასობით დოლარს რუსეთიდან წინაპრის ინტელექტუალური საკუთრებისთვის იღებს. პოლიტიკოსები ოპოზიციურ ფლანგზე შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ და ხოშტარიასგან განმარტებებს ელოდებიან.

ანაზღაურება დესტრუქციის, ღალატისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების სანაცვლოდ - ასეთია მმართველი პარტიის შეფასება ხოშტარიების რუსულ ფულზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკოსის ანაზღაურება შესრულებული დავალებების სიმწვავის პროპორციულად განისაზღვრება. მათი თქმით, მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ხოშტარიას მხრიდან ხელოვნური ბარიერების შექმნაა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ "დროას" ლიდერის ოჯახს, ოკუპანტი ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტიდან სულ 5 მილიონ რუბლზე მეტი ჩაერიცხა, რაც დაახლოებით 65 ათასი დოლარის ექვივალენტია.

 

დღის ამბები