26 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
9 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბერლინში ელოდებიან - ვინ როგორ აფასებს დაგეგმილ შეხვედრას

9 ივნისს, ქალაქ ბერლინში ოლაფ შოლცისა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკებები მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებს, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს შეეხება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი არ იგეგმება.

გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მედიასთან ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ გერმანიის კანცლერის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ქვეყანაში სწორედ ოლაფ შოლცის მიწვევით მიემგზავრება, სადაც მას საუბარი ექნება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, უკრაინის ომის პარალელურად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე.

ოპოზიციის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ პრემიერი გერმანიის კანცლერმა საგანგებოდ დაიბარა, ილია დარჩიაშვილმა უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რადგან ვიზიტი ქვეყნებს შორის ორმხრივი კონსულტაციის შედეგად ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიგეგმა. მინისტრის განმარტებით, ოპონენტების უკმაყოფილებას ხელისუფლების თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა და ამის შედეგად გერმანიის კანცლერის ღია მხარდამჭერი გზავნილები იწვევს. ილია დარჩიაშვილის თქმით, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ყველა ის პრიორიტეტული საკითხი განიხილება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს, მის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უკავშირდება.

კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ბერლინში დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციის ნაწილისთვის პოზიტიურ განწყობას ქმნის. მეორე ნაწილს კი საპირისპირო მოლოდინი აქვს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ გერმანიის პოზიციას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლების მაღალი დონის შეხვედრების დისკრედიტაციას ცდილობს - როგორც ამ კონკრეტული ვიზიტის შემთხვევაში. "ქართული ოცნების" ლიდერები განმარტავენ, რომ მიზეზი ის განსაკუთრებული მნიშვნელობაა, რომელიც შოლცის და ღარიბაშვილის შეხვედრას აქვს. ა

შოლცის და ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ განცხადებები პარლამენტში ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტის პარალელურად გაკეთდა. გერმანელი კანონმდებლები უკვე რამდენიმე დღეა ქართველ კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაციის შესრულებაა.

 

 

 

დღის ამბები