27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა თოკით გაგუდა, ცხედარი კი გადააგდო - შემზარავი ფაქტის მსხვერპლი მარიტა მაზიაშვილია. ის 31 წლის ნიკა ლაჩაშვილს 10 წლის წინ დაშორდა. ირკვევა, რომ ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს ბოლოს 2 დღის წინ, შეხვდნენ და კუკიას სასაფლაოს მიმდებარედ საუბრობდნენ. სიტყვიერი შელაპარაკების დროს, ნიკა ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი მისსავე ავტომობილში მოკლა, ცხედარი დამალა და ადგილი ტაქსით დატოვა. მოგვიანებით, მკვლელობის ადგილზე, ნაქირავები მანქანით დაბრუნდა, საბარგულში დამალული გვამი მან თბილისის ზღვის გავლით, გლდანის ციხისკენ წაიღო და ხევში ჩააგდო.
27 წლის ქალს ახლობლები ორი დღე ეძებდნენ. მისი ცხედარი გამვლელმა აღმოაჩინა და პოლიციას აცნობა. დამნაშავე ამ დროს, გლდანში, მის საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა. ამ დროს სახლში იყო, მოკლულის და მკვლელის საერთო შვილი, 10 წლის გოგონა. 31 წლის მამაკაცი პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.
კურიერის ინფორმაციით, საქმის მთავარი მტკიცებულება კუკიის სასაფლაოდან გლდანის ციხეებამდე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია. ვიდეოკადრები ცხედრის დამალვის პროცესში, მკვლელის გადაადგილებას ასახავს. ჩანაწერები ამოიღეს ნიკა ლაჩაშვილის სახლთანაც.
ბრალდებული ზაჰესის იზოლატორშია. მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ გააცნობენ. ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს. კურიერმა კი, გაარკვია, რომ ნიკა ლაჩაშვილმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალი დაკავებიდან მალევე აღიარა.
მოკლული ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. მარიტა მაზიაშვილი ამ ბინაში მცირეწლოვან შვილთან ერთად, მარტო ცხოვრობდა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა ლაჩაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას, 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.