26 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია - წყალდიდობა ნოვოკახოვკას ჰესის აფეთქებას მოჰყვა, დატბორვის წინაშეა 80-მდე დასახლებული პუნქტი

უკრაინაში უსახლკაროდ ათობით ადამიანი დარჩა. ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. წყლის დონემ ნოვოკახოვკას ზოგიერთ ზონაში უკვე 10 მეტრს მიაღწია. დატბორვის საფრთხის წინაშეა 80-მდე დასახლებული პუნქტი. დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და 300-მდე საცხოვრებელი სახლი.

წყალდიდობა ნოვოკახოვკას ჰესის აფეთქებას მოჰყვა. უკრაინის დაზვერვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, დივერსიის უკან რუსეთის 205-ე მოტომსროლელთა ბრიგადა დგას. მომხდარიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. რის შემდეგაც "ბუქარესტის ცხრიანის" სამიტის მონაწილეებს მიმართა.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში ნოვოკახოვკას დასახლებებში წყლის დონემ საცხოვრებელი სახლების სახურავებს მიაღწია. მძიმე ვითარებაა ხერსონის დეოკუპირებულ ნაწილშიც. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, მსხვერპლი ამ ეტაპზე არ არის.

საფრთხეშია ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობაც. სადაც უკანასკნელი მონაცემების თანახმად სამ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჰესის აფეთქების შემდეგ, ნახევარკუნძული სასმელი წყლის გარეშე რჩება. ვინაიდან, სწორედ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური უზრუნველყოფდა ყირიმის მომარაგებას. მისი აფეთქების შემდეგ მალევე, ადგილობრივებმა მარაგების შევსება გადაწყვიტეს, მაგრამ წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა.

ჰესთან დაკავშირებით, დილიდან სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია-საშუალებები. თავდაპირველად მომხდარში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულეს. თითქოს, მათ ჰესზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში გავრცელდა ახალი ცნობა. რომ, სროლა არ ყოფილა და ჩამოიშალა კაშხალის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. მოგვიანებით, მოსოვმა პასუხისმგებლობა ისევ კიევს დააკისრა.

რუსეთის მიერ ჩადენილ მორიგ სამხედრო დანაშაულს უწოდებს კაშხლის აფეთქებას შარლ მიშელი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და მისი მარიონეტები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. უკრაინაში რუსეთის ბრუტალური ომის შედეგებზე საუბრობს ნატოს გენმდივანიც.

სპეცილისტებს ჯერჯერობით უჭირთ კატასტროფის სრული სურათის აღწერა. მათი თქმით, პირველადი მონაცემები დაახლოებით 72 საათში გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც წყლის დონე კლებას დაიწყებს.

დღის ამბები